მდიდრული სახლი, რომელშიც 1962 წელს მერლინ მონრო გარდაცვლილი აღმოაჩინეს, 3,6 მლნ დოლარად აუქციონზე იყიდება, იტყობინება პორტალი Curbed.
სახლი 1929 წელს აშენდა და ესპანურ კოლონიალურ სტილშია შესრულებული. ის ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ რაიონ ბრენტვუდში მდებარეობს.
ერთსართულიან მდიდრულ სახლში, რომლის ფართობიც 224 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ოთხი საძინებელი ოთახი, სამი აბაზანა, ორი სასტუმრო ოთახი, სამზარეულო, კაბინეტი და სათამაშო ზონაა.
მიმდებარე ტერიტორიაზე ფორთოხლის ბაღია გაშენებული, სახლის წინ კი საცურაო აუზია.
როგორც ცნობილია, ეს მონროს მიერ შეძენილი პირველი უძრავი ქონება იყო. მსახიობმა სახლი 90 ათას დოლარად 1962 წელს შეიძინა - გარდაცვალებამდე ნახევარი წლით ადრე.